არმიჰოლში Agile Spirit 2021-ის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე, პარტნიორობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რასაც მსგავსი სახის წვრთნები ემსახურება. საინფორმაციო ბრიფინგზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მონაწილე ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე, კოორდინაციის გაზრდასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობის ხარისხის გაძლიერებაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოვიდა, ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
სწავლების მიზნის, ამოცანების, სასწავლო რაიონების, მონაწილე ქვეყნების, ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე, სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების შესახებ პრეზენტაცია კი, სწავლების ხელმძღვანელმა, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ წარმოადგინა. საინფორმაციო ბრიფინგს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. არმიჰოლში მოწვეული იყვნენ ასევე, იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლების მოსამზადებელი ეტაპის უზრუნველყოფაში თავდაცვის უწყებას მხარდაჭერას უწევენ.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit წელს საქართველო უკვე მეათედ უმასპინძლებს. Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე, ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.