ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული ჩვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი

ციციშვილის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი, კოვიდინფიცირებული ჩვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვი თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადმოიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და, დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე, პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თავიდანვე ჩართული იყო „ევექსის“ სამედიცინო ბორდი და საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. ყველა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი, თუმცა გუშინ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ღამის საათებში დაფიქსირდა პაციენტი გარდაიცვალა. თანმდევი და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ძირითადი მიზეზი არის კოვიდინფექცია, რის გამოც მოხდა რესპირაციული დისტრესის განვითარება. დედა გამოჯანმრთელდა და კლინიკაში არ რჩება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ, კორონავირუსით ინფიცირებულ მესამე ახალშობილს, რეხვიაშვილის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები