აზიის განვითარების ბანკი განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2021 წელს 7.2%-მდე ამცირებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2021 წელს განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.2%-მდე ამცირებს აპრილში ნავარაუდევ 7.3%-თან შედარებით, რადგან კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) განახლებული გავრცელება რეგიონის ზოგიერთი ეკონომიკის აღმასვლას აფერხებს. 2022 წლის ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 5.4%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის გვერდზე გამოქვეყნდა.

ჰონგ კონგის, ჩინეთი; კორეის რესპუბლიკის, სინგაპურისა და ტაიპეი, ჩინეთის ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების გამოკლებით განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 2021 წელს 7.5%-ით და 2022 წელს 5.7%-ით განისაზღვრა, შესაბამისად მოსალოდნელ 7.7% და 5.6%-თან შედარებით. ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის — აზიის განვითარების პროგნოზის 2021 დამატება, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში რეგიონის ეკონომიკებისა და ინფლაციის დონეების განახლებულ პროგნოზებს აქვეყნებს.

“კოვიდ-19-ის პანდემიისგან აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის გაჯანსაღება გრძელდება, თუმცა განახლებული კოვიდ-აფეთქებების, ახალი ვარიანტებისა და არასტაბილური ვაქცინაციის ფონზე რისკები მაინც რჩება. ვირუსის შეკავებისა და ვაქცინაციის ზომების გარდა, ეკონომიკური აქტივობების, მაგალითად, ვაჭრობის, წარმოებისა და ტურიზმის ეტაპობრივი და სტრატეგიული აღდგენა მთავარი ფაქტორი გახდება მწვანე, მრავალმხრივი და მდგრადი განახლებისთვის,”- განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.

კოვიდ-19-ის პანდემია ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, რადგან ვირუსის აფეთქებები მრავალ ეკონომიკაში კვლავაც გრძელდება. მაისის შუა რიცხვებში რეგიონში დღიურმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 434,000 შეადგინა. ეს რიცხვი ივნისის ბოლოსკენ 109,000-მდე შემცირდა და უმეტესად სამხრეთი აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი მოიცვა. ამავდროულად, რეგიონში ვაქცინაცია ტემპს იკრეფს და ივნისის მიწურულს 100 ადამიანზე 41.6 დოზა გაკეთდა, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს — 39.2 დოზას აღემატება, თუმცა ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატების 97.6 დოზას და ევროკავშირის 81.8 გაკეთებულ დოზას 100 ადამიანზე.

,,აღმოსავლეთი აზიის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 7.5%-მდე გაიზარდა აპრილში ნავარაუდევ 7.4%-დან, ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების — ჰონგ კონგი, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა და ტაიპეი, ჩინეთი ­— მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენის ფონზე. ქვერეგიონული ზრდა 2022 წელს კვლავ 5.1%-თ არის მოსალოდნელი. ზრდის პროგნოზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ასევე უცვლელი რჩება მიმდინარე წელს 8.1%, ხოლო 2022 წელს 5.5% წარმოების, ექსპორტისა და სერვისების ურყევი აქტივობის ფონზე.

მიმდინარე წელს ცენტრალური აზიის ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევ 3.4%-თან შედარებით 3.6%-მდე გაიზარდა. ეს უმეტესად სომხეთის, საქართველოსა და ყაზახეთის — ქვერეგიონის უდიდესი ეკონომიკის, გაუმჯობესებული პროგნოზების შედეგად მოხდა. 2022 წელს ცენტრალურ აზიაში ზრდას კვლავაც 4.0%-ით ელოდებიან.

სამხრეთი აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მოლოდინები 2021 წელს შემცირდა, რადგან ვირუსის განახლებულ აფეთქებებს შეკავების ზომები და შეზღუდვები დაუპირისპირდა, რაც ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. სამხრეთი აზიის ზრდის მაჩვენებელი ფისკალური 2021 წლისათვის 9.5%-დან 8.9%-მდე შემცირდა. ინდოეთში მოსალოდნელმა ზრდამ 1.0%-ით ნაკლები — 10.0% შეადგინა. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 2021 წლის პროგნოზი 4.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო წყნარი ოკეანის ეკონომიკების — 1.4%-დან 0.3%-მდე. 2022 წელს აღნიშნული ქვერეგიონების მაჩვენებლები შესაბამისად 7.0%, 5.2% და 4.0%-მდე გაიზარდა.

აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 2.4%-მდე გაიზარდა აპრილში ნავარაუდევ 2.3%-დან, რაც ნავთობსა და ფართო მოხმარების საქონელზე ფასების მატებითაა ნაკარნახები. 2022 წლის პროგნოზი უცვლელად რჩება 2.7%.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი,”- ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები