ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელს “ეწუწუნა”
“ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, პირადად შარლ მიშელს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაზე“ “ეწუწუნა”.
„ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით, რაც გვაწუხებდა. საბოლოოდ, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით და თქვენ შეიძლება, არ გჯეროდათ, მაგრამ აქ, აი, მესამედ ვარო. გარკვეულწილად, დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა ისევე, როგორც დასავლეთის ნამდვილ პარტნიორს შეეფერება. პირადად მე, შემიძლია ჩემ თავზე გითხრათ. მე ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაზე“, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბისა და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მისთვის დამალული ინფორმაცია იყო.
ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობასთანაც იმავე თემებზე გავაგრძელებთ საუბარსო. ჩვენი მოსაზრებების პრეზიდენტისთვის გაზიარების შეხვედრა უფრო იყო, ვიდრე პირიქით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.