გიორგი ვაშაძე: სახელმწიფო დეპარტამენტი პირველად მიგვანიშნებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობას ჟურნალისტებზე, მოქალაქეებსა და ოპონენტებზე, აშშ სანქციების განხილვას დაიწყებს

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველად მიგვანიშნებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობას ჟურნალისტებზე, მოქალაქეებსა და ოპონენტებზე, აშშ სანქციების განხილვას დაიწყებს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულების მექანიზმმა მოქმედება დაიწყო.

„შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულების მექანიზმმა მოქმედება დაიწყო. როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე, რომელიც დაუწესდება საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას არღვევს. ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც სანქციები განიხილება, არის მართლმსაჯულების „კლანისთვის“ გადაფორმება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. ასევე, ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა, რაც საფუძველია სანქციების განხილვის.

ევროკავშირი პირდაპირ საუბრობს მაკროფინანსური დახმარების შეჩერებაზე, თუ არ გასწორდა საქართველოში მართლმსაჯულება, ხოლო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მიგვანიშნებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობას ჟურნალისტებზე, მოქალაქეებსა და ოპონენტებზე, აშშ-ის მხრიდან პერსონალური სანქციების განხილვა დაიწყება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები