გია აბაშიძე: პრემიერის, საზოგადოების აქტიურობამ, მათ შორის, საპატრიარქოს ჩართულობამ და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – ზაზა გახელაძე თავისუფალია

საქართველოს პრემიერმინისტრის, საზოგადოების აქტიურობამ, მათ შორის საპატრიარქოს ჩართულობამ და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – ზაზა გახელაძე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეიწყალა,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე გახელაძის ოჯახსა და ახლობლებს მის გათავისუფლებას ულოცავს.

„22 ივნისს, როცა ზაზა გახელაძის ოჯახს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.გუშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებამ, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, სიტუაცია იმედისმომცემი იყო, კიდევ უფრო განამტკიცა სასიხარულო მოლოდინი. და ეს მოლოდინი დღეს გამართლდა. ვულოცავ ზაზა გახელაძეს, მის ოჯახსა და ახლობლებს, ვულოცავ ყველას! ეს ის მნიშვნელოვანი თემაა, როცა, რაც არ უნდა განსხვავებულნი და დაპირისპირებულნი ვიყოთ, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ერთიანობით, მრავალმხრივი ძალისხმევითა და დიდი მოთმინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინსვლა შეგვიძლია საქართველოს დეოკუპაციასა და გამთლიანებაში“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.

ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები