ალეკო ელისაშვილი: ვისურვებდი, რომ ეს ტელევიზიები დიდხანს არ იყოს გათიშული
„მათ უფლება აქვთ, მსგავსი პროტესტის ფორმა ჰქონდეთ”, – ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 4 ტელეკომპანიის მიერ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობის 24 საათით შეწყვეტას.
მისივე თქმით, 5 ივლისს თბილისის ქუჩებში ხელისუფლება მოძალადეებმა დაამყარეს.
„მათ უფლება აქვთ, მსგავსი პროტესტის ფორმა ჰქონდეთ. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ვისურვებდი, დიდხანს არ იყოს ეს არხები გათიშული. 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან და თბილისის ქუჩებში ხელისუფლება დაამყარეს მოძალადეებმა, რომლებიც დასდევდნენ ადამიანებს, ზოგს ტანსაცმლის ფერის გამო ურტყამდნენ, ზოგს იმის გამო, რომ ვიდეოკამერა ან მიკროფონი ეჭირა და სახლში უვარდებოდნენ პირდაპირ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, “დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – პროტესტის ნიშნად, ოთხმა ტელეკომპანიამ: “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს. ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.