დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა – “არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი”

“მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი”, – ამის შესახებ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის დაკავებულმა, დავით კუტალაძემ სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ის მოუწოდებდა მეგობრებს, რომ არავის შეხებოდნენ, თუმცა, მოძალადეობა ჟურნალისტებმა დააბრალეს.

„არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა.

12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდათ მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რონ ჩემგან შექმნან მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა.

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი“, – განაცხადა დავით კუტალაძემ.

ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები