თურქეთის ტელევიზიით საქართველოზე გადაღებული მრავალსერიანი ფილმი გადის
თურქეთის ტელეკომპანია “ტრტ”-ზე საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაგრძელდება. როგორც ,,კვირას“ ქართული კულტურის სახლის წარმომადგენლებმა აცნობეს, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ქართული პროექტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.
შარშან, პირველად თურქეთის ისტორიაში, სტამბოლის ქართული კულტურის სახლის მხარდაჭერით, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია “ტრტ”-ზე საქართველოს შესახებ მრავალსერიანი (13 სერია) დოკუმენტური ფილმის ჩვენება დაიწყო. ფილმში, რომლის სახელწოდებაა “კავკასიის ქარი”, საქართველოს ყველა კუთხეა წარმოდგენილი. თურქეთში ნაჩვენებ ამ სერიებს ჩვენებური ქართველების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პროექტის განხორციელებაში ავტორთა ჯგუფს საქართველოს წამყვანი სპეციალისტები: ეთნომუსიკოლოგები, ეთნოლოგები და სხვ. ეხმარებიან. ეს არის პოპულარულ ფორმატში მომზადებული კულტურულ-საგანმანათლებლო გადაცემა და მას თურქეთში ჩვენი ეროვნული კულტურის პოპულარიზაციაში სერიოზული წვლილი მიუძღვის.