ვახტანგ გომელაური: 5 ივლისს თბილისის მასშტაბით გამოყვანილი იყო – 3200 სამართალდამცველი
“5 ივლისს სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, 3200 სამართალდამცავი თბილისის მასშტაბით იყო გაშლილი.
,,კითხვები ჩნდება, რომ რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი და რომ არ იყო გამოყვანილი, ვინ გეუბნებათ, არ ვიცი, გამოყვანილი იყო. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის, მაინცდამაინც, რომ რობოკოპების ფორმაში ჩაცმულებმა უნდა იარონ, ეს არიან პოლიციელები ჩვეულებრივად, ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ. ჩვენ ვართ მმართველი პარტია და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რა თქმა უნდა. 3200 ადამიანი მუშაობდა იმ დღეს, თავიდან იყო 3 ადგილმდებარეობა, შემდეგ 8 და ბოლოს გახდა უკვე 20. ამდენ ადგილმდებარეობაზე რომ 3200 ადამიანი გაანაწილო, სადღაც, 150 გამოვა ერთ ადგილმდებარეობაზე. რისი საშუალებაც იყო, 3200 ადამიანი თბილისის მასშტაბით იყო გაშლილი,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, გომელაურმა აღნიშნა, რომ ამაზე ოცნებობენ.
,,ამაზე ოცნებობენ. როცა დამიბარებენ კომიტეტზე, იქ თავისი პროცედურებია, როცა საჭირო იქნება, მივალ”, – განაცხადა გომელაურმა.
5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის კონტრაქცია გაიმართა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.