ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდვითარება მძიმდება – გუდაუთის კოვიდჰოსპიტალი ტომოგრაფიის აპარატის გარეშე დარჩა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში კოვიდვითარება დღითიდღე მძიმდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორე ტალღის დაწყებაზეც კი განაცხადეს.
რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, ბოლო ერთ დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 179 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ ერთი პაციენტი შეეწირა. პანდემიის დაწყებიდან ამ ტერიტორიაზე 18341 დადასტურებული და 256 ლეტალური შემთხვევაა გამოვლენილი.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსტალში 108 პაციენტი მკურნალობს, მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 42 პაციენტია მოთავსებული, 14 მძიმე მდგომარეობაშია; ოჩამჩირეში 28; გაგრაში 39, ხოლო ტყვარჩელის საავადმყოფოში 15 კოვიდინფიცირებულია.
მძიმე სტატისტიკას ემატება ისიც, რომ გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გამოვიდა მწყობიდან, თუმცა, როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მისი შეკეთება მოხერხდა და ამჟამად ის სატესტო რეჟიმში მუშაობს.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აქ, ბოლო ერთ დღეში 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ 34 ინფიცირებული იყო.
როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა მარინა კოჩიევამ განაცხადა, “რესპუბლიკაში ეპიდვითარება გაუარესებულია, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის შეკავება”.
პანდემიის დაწყებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით სულ 3 650 ადამიანი დაინფიცირდა.
რაც შეეხება რუსული ვაქცინით იმუნიზაციის პროცესს, რომელიც ე.წ. რესპუბლიკაში მაისის დასაწყისში დაიწყო, ამ დროისთვის ნებაყოფლობითი აცრა მხოლოდ 600 პირს აქვს გაკეთებული.