ეკატერინე ტიკარაძე: 2021-2030 წლების მთავარი პრიორიტეტი ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაცაა
”2021-2030 წლების მთავარი პრიორიტეტი ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაცაა, რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გაფართოებას გულისხმობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 10-წლიანი გეგმის მიხედვით, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტებს შორისაა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა.
„მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერებაც, რომელიც მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებით, პაციენტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში 20-მდე კლინიკა უახლესი სტანდარტების შესაბამისად განახლდება. მოხდება სახელმწიფო კლინიკების სასწავლო ბაზებად ინტეგრირება, სახელმწიფო კლინიკების პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და შრომის ანაზღაურების სტანდარტიზება. 10-წლიანი გეგმის თანახმად გაიზრდება სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, მოხდება პროფესიული ასოციაციების გაძლიერება და საექთნო საქმიანობის ხელშეწყობა.
2021-2030 წლების მთავარი პრიორიტეტი ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაცაა, რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების გაფართოებას გულისხმობს. შეიქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, მოხდება მედიკამენტების ფასწარმოქმნის სისტემის სრულყოფა და დაინერგება მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მექანიზმები. 10-წლიანი გეგმის მიხედვით, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტებს შორისაა ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა. ციფრული ჯანდაცვა ზოგავს როგორც პაციენტის, ისე დაწესებულებისა და სახელმწიფოს რესურსებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.