რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, 28 ადამიანია დაღუპული
კამჩატკაზე „ან-26“-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რასაც, სავარაუდოდ, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილები ასაფრენი ბილიკიდან ოთხ კილომეტრში აღმოაჩინეს.
რუსული მედია წერს, რომ სამძებრო სამაშველო ოპერაციას ლანდშაფტის თავისებურება ართულებს.
თვითმფრინავი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან დასახლებულ პუნქტ პალანას მიმართულებით მიფრინავდა და დაშვების დროს დანიშნულების ადგილიდან ცხრა კილომეტრში რადარებიდან გაუჩინარდა.
ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი და პალანას მმართველი – ოლგა მოხირევა.
ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ძლიერი გვერდითი ქარი გამხდარიყო, რის შედეგად თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა და ნაწილები ზღვაში ჩავარდა.