“თავისუფლების ფასი” – ემუქრება თუ არა კრემლის გეგმით აფხაზებს ასიმილაცია (ვიდეო)

“ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა არ არის თავისუფალი, ის მთლიანად არის დაკაბალებული და, ფაქტობრივად, რუსეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური დანამატია”, – ამის შესახებ საავტორო დოკუმენტურ ფილმში – “თავისუფლების ფასი” თემურ შენგელია, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი აცხადებს. ის იმის შესახებაც ყვება, რომ კრემლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელის მიღებაც არის.

“15 წლის დინამიკას თუ გადავავლებთ თვალს, რუსეთის ბიუჯეტიდან ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკაში ყოველწლიურად 2 მილიარდ რუბლამდე იდება. ეს არის პოლიტიკური ფული, კრიმინალური ფული – რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ ფულის გათეთრებას ახდენს”, – ყვება თემურ შენგელია.

ფილმში ოკუპირებული აფხაზეთის მძიმე ეკონომიკური სიტუაციის შესახებ сухуми.info-ს ბლოგერი, გიორგი ჯახაიაც საუბრობს.

“რუსებს სურთ, წარმოჩნდნენ აფხაზების მხსნელებად და, შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და საინფორმაციო არხით სერიოზულ პროპაგანდას ეწევიან. აფხაზეთის ახალგაზრდობა ამ პროპაგანდის პირობებშია გაზრდილი, მათ სისტემატურად აჩვენებენ ომისდროინდელ კადრებს – ყოველდღიურად ახსენებენ ისტორიას… კრემლს აქვს შორსმიმავალი, წლებზე გათვლილი გეგმაზომიერი მიდგომა, რომელიც აფხაზი ახალგაზრდების “აღზრდასა და გადაბირებას” გულისხმობს. რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკვირდება “პერსპექტიულ მოსწავლეებს, სტუდენტებს, რომლებსაც რუსეთში განათლების მიღების “შესაძლებლობას” აძლევენ და, საბოლოოდ, მათ კრემლის პროპაგანდისტებად აბრუნებენ სამშობლოში.“

რესპონდენტები განსაკუთრებულ აქცენტს იმაზეც აკეთებენ, რომ კრემლი აქტიურად ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთის მიწების რუსებისთვის მიყიდვის დაკანონებას. ამ მცდელობებს აფხაზების პროგრესული ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან მათ, როგორც ყველა მცირე ერს, აქვთ ასიმილაციის შიში.

საინტერესოა და აქტუალურია გალში მცხოვრები რუსუდან სამუშიას მოსაზრებებიც. ის ამბობს, რომ “აფხაზები აღნიშული კანონის მიღებაზე არასდროს წავლენ, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიას შესაძლოა, მძიმე დღეებიც დაუდგეს”.

ასაავტორო ფილმში ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე კრემლის დანაშაულებრივი და უკანონო მოქმედებებია ასახული. გამოყენებულია ღია ონლაინ წყაროებში გავრცელებული, რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერებიც. ისინი უფრო თვალსაჩინოს ხდის იმ დამღუპველ პროცესებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოსთვის წართმეულ რეგიონში დღეს მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები