კელი დეგნანი: ქართველები და ამერიკელები ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებლობას – მათ აერთიანებთ ქვეყნის ძლიერი სიყვარული

“4 ივლისს ვზეიმობთ ამერიკის ლიდერების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დღეს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად ამერიკელები პატივს მიაგებენ ფუნდამენტურ უფლებებს – სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებებს, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციით არის აღიარებული”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს.

„ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ჩვენს ისტორიას. 4 ივლისს ამერიკელები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან იმაზე, რასაც ჩვენ ზოგჯერ არასათანადოდ ვაფასებთ. ძირითადი თავისუფლებები, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული და ჩვენი თანამოქალაქეების მიერ დაცული. ესენია სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, პრესის თავისუფლება. გლობალურმა პანდემიამ შეგვახსენა, რაოდენ მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ყოველდღიურ თავისუფლებებსაც, იქნება ეს სიცოცხლის, ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნის, მოგზაურობის თუ უბრალოდ, სამსახურსა და სკოლაში სიარულის თავისუფლება. დღეს, როდესაც ოპტიმიზმით ვადღეგრძელებთ ამერიკის 245-ე დაბადების დღეს იმ იმედით, რომ მოვათვინიერეთ ვირუსი, შემოგვიერთდით, რომ ვიზეიმოთ თავისუფლება – ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც ჩვენი დემოკრატიის განმსაზღვრელია და ძვირფასი, ყოველდღიური, არასათანადოდ დაფასებული თავისუფლებები.

დამოუკიდებლობის დღე დემოკრატიის საზეიმოდ აღნიშვნის დღეც არის – არა იმ მნიშვნელობით, რომ ეს შესრულებული ამოცანაა ან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება, პირიქით, ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ დემოკრატიას, როგორც სამუშაო პროცესს, როგორც უწყვეტ ძალისხმევას და გამოწვევას, რომელიც უბიძგებს თითოეული მოქალაქეს, შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესში, დასვას კითხვები,მიუდგეს შემოქმედებითად და კომპრომისებზეც წავიდეს. ამერიკის, როგორც გლობალური ლიდერის როლია, არა მარტო ხელის შეუწყოს მშვიდობას , კეთილდღეობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ასევე იყოს პასუხისმგებელი, თვალი გაუსწოროს საკუთარ შეცდომებს, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ მისი ძალის მაგალითით უნდა იყოს წინამძღოლი, არამედ, მისი მაგალითის ძალითაც.

75 წელზე მეტია, ამერიკა და ჩვენი პარტნიორები ერთობლივი ძალისხმევით აშენებენ დემოკრატიულ, წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელმაც მოიტანა სტაბილურობა და კეთილდღეობა, თუმცა არა ყველგან. ეს სისტემა რამდენიმე რეგიონში გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს. ჩვენ ამ გამოწვევებს რისკის ფასად უგულებელვყოფთ, ისევე, როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომის წინ მოხდა. ჩვენ ავტოკრატიას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის განმტკიცებით, კორუფციასთან ბრძოლითა და ჭეშმარიტი, გამჭვირვალე კანონის უზენაესობის გატანით ვპასუხობთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, რომელიც აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას. ესენია – ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ერთგულება, კარგი მმართველობა და თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, საზოგადოებები, სადაც ყველას ღირსების დაცვითა და პატივისცემით ეპყრობიან, უფრო სტაბილურები, მშვიდობიანი, ჯანსაღი და წარმატებულნი არიან. ამერიკელები და ქართველები ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათ აერთიანებთ ქვეყნის ძლიერი სიყვარული. ყოველივე ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორობა 30 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად – საქმე, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო და რომელიც ტრაგიკულად შეწყდა – კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას. ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, არამედ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების ერთგულების გამო. მაშინ, როდესაც ამერიკელები მთელ მსოფლიოში იკრიბებიან ოჯახებთან და მეგობრებთან, რომ პატივი მიაგონ ჩვენს ტრადიციებს, ისტორიასა და თავისუფლებას, ჩვენც ამერიკის საელჩოში სიამაყით აღვნიშნავთ დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები