ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებები

„საერთაშორისო საზოგადოება უფრო ძლიერად უნდა აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს როგორც საქართველოში, ასევე, ზოგადად, ეუთო-ს სხვა წევრ ქვეყნებში.

რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებები, რათა კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარე ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა, წარმოდგენილი იყო ანგარიში ეუთო-ს ქვეყნებში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ანგარიშის ერთი ქვეთავი ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.
ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. რუსეთის უკანონო ქმედებები – საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება და ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები