„გიგი უგულავა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის პოლიტიკოსი, პირდაპირ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის მხარდამჭერებს, არჩევნებში ხმა მისცენ გიორგი გახარიას“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირ ადასტურებს ერთ რამეს, რომ გიორგი გახარიას ცალკე პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვს.
„მისი დღის წესრიგი პირდაპირ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, რამენაირად დააზიანონ „ქართული ოცნება“ და მისი მხარდაჭერა 43 %-ს დაუახლოონ. ამიტომ, მგონი უკვე ცალსახად აშკარაა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად. სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი და „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი არის ნაწილი იმ კამპანიისა, რომლის ერთადერთი მიზანია „ქართული ოცნების“ დაზიანება, ეს სამარცხვინოა“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა დასძინა, შეიძლება, ზოგიერთმა ამ შემთხვევაშიც განმარტოს, როგორც დამთხვევა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დამთხვევაა იმისთვის, რომ ამ დამთხვევებში ვიპოვოთ კანონზომიერება.