“ვაჭრობის განვითარება” სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა პრიორიტეტებისთვის, ევროკავშირი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 2.3 მლრდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გეგმა მოამზადა, რაც განმტკიცებულია 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტით.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეფ ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

”აღნიშნული კომპლექსური დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, “მწვანე” და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას, სამართლიანი საზოგადოების პოპულარიზაციას გენდერული თანასწორობითა და ინკლუზიურობით”, – თქვა სტანომ.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ეს მიზნები განმტკიცებულია 2,3 მილიარდი ევროს ინვესტიციებით, გრანტების, გარანტიებისა და შერეული ინსტრუმენტების სახით, 17 მილიარდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობით.

აღნიშნულმა კი ხელი უნდა შეუწყოს კორონავირუსული პანდემიის შემდგომ პერიოდში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მდგრადობის ხელშეწყობას ხანგრძლივ პერსპექტივაში.

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე; 3000 კმ პრიორიტეტული საავტომობილო და რკინიგზის მშენებლობაზე ან განახლებაზე; კორუფციასთან ბრძოლაზე; ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაზე 20% -ით 250 ათას ოჯახში; წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე; ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე; ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციაში დახმარებაზე; საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებაზე; 70,000 სტუდენტისა და მკვლევრის მოგზაურობის შესაძლებლობებზე.

წინადადების განხილვა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში 2021 წლის დეკემბერში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე მოხდება.

კითხვაზე, მოიცავს თუ არა გეგმა, მათ შორის, ბელარუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინსკმა “აღმოსავლეთ პარტნიორობიდან” გასვლაზე განაცხადა, პეტერ სტანომ თქვა, რომ “დიახ, გეგმა ბელარუსსაც მოიცავს”.

“ჩვენ შემოვიღეთ სანქციები, მაგრამ ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ეს გავლენას არ ახდენს ჩვენს კონტაქტებზე ბელორუსის ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. და ბოლოს, “აღმოსავლეთ პარტნიორობა” გულისხმობს ხალხისთვის სარგებლის მიღებას. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია და ჩვენი ინიციატივები ბელორუსსაც მოიცავს – მაგრამ “წითელი ხაზების” ფარგლებში, რომლებიც განისაზღვრება ევროკავშირის პოზიციით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა მან.

სტანოს თქმით, ევროკავშირს ბელორუსისთვის მზად აქვს 3 მილიარდი ევროს პაკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანა დემოკრატიულ გზას გაჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები