ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭერს პარტია მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს

“მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი, როგორც დღეს მიმდინარეობს, მთლიანად ასუსტებს ნდობას მთლიანი პროცესის მიმართ”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეების საკითხზე ბოიკოტთან დაკავშირებით მოსაზრება გავრცელდა და პარტია ,,საქართველოსთვის” პოზიცია მკაფიოა.

„პარტიამ „საქართველოსთვის“ გუშინ ბრიფინგზე ჩვენი პოზიცია ძალიან დეტალურად გავაცხადეთ და ვაინიცირებთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელიც, პირველ ყოვლისა, მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული გავლენის ჯგუფის გავლენის შესუსტებისკენ და, საბოლოოდ, აღმოფხვრისკენ. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა. მოსამართლეების საკითხზე ბოიკოტთან დაკავშირებით მოსაზრება გავრცელდა და ჩვენი პოზიცია ცალსახა, მკაფიოა. ჩვენ ხალხმა რა მანდატიც მოგვანიჭა, ჩვენი გუნდის პარლამენტის წევრებს ვგულისხმობ, ჩვენ ამ მანდატს შევასრულებთ.

აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რომ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადოს, ჩვენ პროცესში, განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ. მივიღებთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესის მანკიერი მხარეები. თუმცა კანდიდატების კონკრეტული სახელებისა და გვარების მიუხედავად, მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი როგორც დღეს მიმდინარეობს მთლიანად ასუსტებს ნდობას მთლიანი პროცესის მიმართ, ასევე, კონკრეტული ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ. ეს ნდობა დღეს იმდენად დაბალია, რომ ამის აღდგენა გაჭირდება პირველ რიგში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართულებით კონკრეტული ცვლილებები არ განვახორციელეთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კანონპროექტს ამზადებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები