ეკა გიგაური: ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორს თავისი კანდიდატი ამ ეტაპზე არ ჰყავს
“ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორს თავისი კანდიდატი ამ ეტაპზე არ ჰყავს”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის მსახურება და სიმართლე.
„ვნახავთ, შიგნით როგორ განვითარდება პროცესები, რამდენად მიმართული იქნება კომისია და პრეზიდენტი იმისთვის, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი წევრები შეარჩიონ, თუ ეს იქნება მათი მიზანი, ბოლომდე ვიქნებით ამ პროცესში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მართლაც ღირსეული კანდიდატები შეირჩეს. არასამთავრობო სექტორს არ ჰყავს თავისი არცერთი კანდიდატი, არ ვიცი, შეიძლება, ჰყავდეს, მაგრამ ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ვფიქრობ, აქ მთავარი არ არის ის, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენს ეს ადამიანი, მთავარია, იყოს პროფესიონალი, პრინციპული და გაუძლებს ყველანაირ ზეწოლას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, იქნება ეს მთავრობიდან თუ ოპოზიციიდან. მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის მსახურება და სიმართლე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.