მიხეილ სარჯველაძე: გული დამწყდა სახალხო დამცველის განცხადებაზე არა იმიტომ, რომ პროცესს რაიმე დააკლდება, არამედ უფრო სრულფასოვანი იქნებოდა მისი მხრიდან ჩართულობით ამ პროცესების წარმართვა
“გული დამწყდა სახალხო დამცველის განცხადებაზე არა იმიტომ, რომ პროცესს რაიმე დააკლდება, არამედ უფრო სრულფასოვანი იქნებოდა მისი მხრიდან ჩართულობით ამ პროცესების წარმართვა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამით პროცესი ლეგიტიმაციის პრობლემის ქვეშ ვერ დადგება.
„მოსამართლეების შერჩევის პროცესი ლეგიტიმური ერთმნიშვნელოვნად იქნება. ყველაზე მეტად გული დამწყდა სახალხო დამცველის გაკეთებულ განცხადებაზე. გული დამწყდა არა იმიტომ, რომ პროცესს რაიმე დააკლდება და მისი ჩართულობა, არამედ უფრო სრულფასოვანი იქნებოდა მისი მხრიდან ჩართულობით ამ პროცესების წარმართვა, რადგან ეს, პირველ ყოვლისა, მისი მანდატისთვის იქნებოდა შესაფერისი და შესატყვისი.
სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ამით პროცესი ლეგიტიმაციის პრობლემის ქვეშ ვერ დადგება. ოპოზიციის მიმართ იგივე დამოკიდებულება მაქვს. კარგი იქნებოდა, მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ ისინი მონაწილეობას რომ არ იღებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ისინი მონაწილეობას არ იღებენ მიმდინარე საკანონმდებლო აქტის მიღებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო კანონები აღარ უნდა მივიღოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.