„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა მაქსიმალურად გავზარდოთ”

“ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა მაქსიმალურად გავზარდოთ,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ თვითუზრუნველყოფაზე. სოფლის მეურნეობაში გვაქვს მიმართულებები, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები, ხორცპროდუქტებში, რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ეს არის საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცი. არ ვსაუბრობთ ცხვრის ხორცზე, რამდენადაც ქვეყანაში ცხვრის ხორცის მოხმარება ნაკლებია, თუმცა, საქართველო მნიშვნელოვანი ექსპორტიორია როგორც ცხვრის ხორცის, ისე – ცოცხალი ცხვრის.
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა მაქსიმალურად გავზარდოთ. ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და ვზრდით წარმოებას რძის მიმართულებით, სადაც თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. დღეისათვის, საქართველო იმპორტულ რძის პროდუქტებზეა დამოკიდებული.
2030 წლიდან, საქართველო გახდება რძის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანაც. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ეკონომიკურ მონაცემებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის საექსპორტო მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს. საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტების ღირებულებაში, თითქმის 1/3 სოფლის მეურნეობაზე მოდის. ჩვენი ამბიციაა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ნეტო ექსპორტიორი და ამ ამოცანას ჩვენ უახლოესი 2 წლის პერსპექტივაში მივაღწევთ.
ამას მოწმობს ის სტატისტიკა და ტენდენციები, რომელიც 2012 წლიდან აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების მიხედვით გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები