ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საბჭოს საქმიანობის 6 თვის ანგარიში მოისმინეს, ასევე, სამოქმედო გეგმისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან კომიტეტების საქმიანობის შესაბამისობაზე იმსჯელეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ახალ ვებგვერდზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს.
როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, განახლებული საიტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, არის გაცილებით უფრო ინტერაქტიული, ინფორმატიული და მოქნილი.
პარლამენტის ცნობით, ვებგვერდი ადაპტირებული და მორგებულია უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებაზე.
ვებგვერდზე გაჩნდა ჩათი, სადაც მოქალაქეთა შეკითხვებს ონლაინ-რეჟიმში ოპერატორები უპასუხებენ.
გივი მიქანაძის თქმით, განახლებული ვებგვერდის დადებით მხარეებს ასევე წარმოადგენს დაჩქარებული საძიებო სისტემა, რომლის დახმარებით საჭირო კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება უფრო მოსახერხებელი გახდება.
საიტზე ასევე საპარლამენტო ტერმინების ლექსიკონი გაჩნდა.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, გივი მიქანაძის ინფორმაციით, იგი 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
„სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული აქტივობების 90% ასახულია სამოქმედო გეგმაში, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება ბიუროს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.