პროკურატურამ გორში მკვლელობის საქმეზე დააკვებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე შ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 ივნისს, გორში შ.გ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ზ.რ-ს ფეხის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. ზ.რ. მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

„შ.გ. 29 ივნისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება – „ჰეროინი“ ამოიღეს.

შ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება) და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია უწყების პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები