თამარ გაბუნია: ვაქცინების შერევა სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება და კვლევის მონაცემები იმასაც კი ადასტურებენ, რომ „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა, უფრო მყარი იმუნიტეტის გამომწვევი იყოს
“ვაქცინების შერევა სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება და კვლევის მონაცემები იმასაც კი ადასტურებენ, რომ „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა, უფრო მყარი იმუნიტეტის გამომწვევი იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს.
„ასტრაზენეკაზე“ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ ეს პრეპარატი მოკლე ხანში, უახლოეს დღეებში არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ძალიან მალე დავუბრუნდებით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს.
შერეული მოდელი, ანუ ვაქცინების შერევა სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება და კვლევის მონაცემები იმასაც კი ადასტურებენ, რომ „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა, უფრო მყარი იმუნიტეტის გამომწვევი იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, კალენდარში ამ ტიპის მოდელი ჯერ არ არის გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს, თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ დაგვჭირდება ეს გადაწყვეტილება, როგორც გამოსავალი, „ასტრაზენეკას“ დეფიციტიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ამ მოდელის ეფექტურობა დადასტურდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას ფართოდ გასცემს, მაშინ ჩვენი ექსპერტების ჯგუფიც იმსჯელებს, რამდენად შეგვიძლია, ამაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.