მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმინისტრის ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე
“პრემიერმინისტრის ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე”, – ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა.
„პრემიერმინისტრის ანგარიში იყო საქმიანი და დაფუძნებული საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნაზე ჩვენი ქვეყნის არსებული ვითარებისა. ასევე, სიღრმისეულად სწორ ხედვაზე ჩვენი ქვეყნის პოტენციალისა, რაც უმნიშვნელოვანესი საწინდარია ქვეყნის სწორად განვითარებისა და ამის დაგეგმისთვის. რაც მნიშვნელოვანია, ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ხედვა და აღქმა ქვეყნის წინაშე მდგარი უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა და, რაც ყველაზე მთავარია, ანგარიშში ასახული მომავლის ხედვა რეალისტურია. ამბიციურია ის გეგმები, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას წარმოდგენილი და მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის სიტყვებითვე: „რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აუცილებლად შეეხება ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს და აისახება მათ კეთილდღეობაზე”, – განაცხადა სარჯველაძემ.