„ასჯერ დაეცა თბილისი და“… – გამოფენა გაიხსნება
30 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს გამოფენას სახელწოდებით – „ასჯერ დაეცა თბილისი და“…
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუზეუმის ორ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია 50 ნამუშევარი თბილისის ისტორიული გარდატეხების, ბრძოლებისა და მისი მრავალჯერ აღდგენილი იერსახის თემაზე. ერთი საგამოფენო სივრცე ეთმობა ლადო გუდიაშვილის, ზელიმხან გოგოლაშვილის, შალვა მაყაშვილის, დავით ძნელაძის, აპოლონ ქუთათელაძის და სხვა მხატვრების ავტორობით შექმნილ მხატვრულ ტილოებს, რომლებიც მოგვითხრობენ თბილისისთვის მრავალი ბრძოლის შესახებ წარსული დროიდან XIX საუკუნემდე; მეორე დარბაზში კი წარმოდგენილია ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, მოსე და ირაკლი თოიძეების, დავით გველესიანის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ბორის ფოგელის, ვასილ ჯორჯაძის, კირილე ზდანევიჩის, რიჰარდ ზომერის, ამაიაკ აკოფიანის და გრიგოლ შარბაბჩიანის ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ბევრჯერ აღდგენილ დედაქალაქს, თავისი არქიტექტურით, ქუჩებით, ხედებითა და თბილისელებით.
„თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციაში დაცული ეს ფერწერული ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს, ისტორიულ და ესთეტიკურ ჭრილში დავინახოთ თბილისისთვის ბრძოლის საუკუნოვანი გზა და ამასთანავე, გადარჩენილი დედაქალაქის უნიკალური, სხვადასხვა კულტურის ნაზავით შექმნილი სახე.
პროექტის მიზანია, ფართო საზოგადოებას წარუდგინოს საფონდო ისტორიული მასალა, რომელიც გვაცნობს თბილისის მრავალფეროვან ისტორიას, რომლის მიმართაც ინტერესი არ წყდება“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის იდეის ავტორია: ლიკა მამაცაშვილი; პროექტის კურატორი: ნანა მახათაძე; პროექტის კოორდინატორი: ციალა ჯანყარაშვილი; ხელოვნებათმცოდნე: ქეთევან ტრაპაიძე.
გამოფენა 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მის: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. №8