გიორგი ჩაკვეტაძე მერის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს გამოეხმაურა
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
ჩაკვეტაძის შეფასებით, შთამბეჭდავია შედეგები, რასაც წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა მიაღწია.
„2017 წლის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული პოლიტიკა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის თბილისში ამ მხრივ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის აქტიურად იმუშავა”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომისიის ინიციატივით 2018 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი დაფუძნდა, რომელიც საქართველოს 64-ვე საკრებულოს 21-დან 29 წლამდე არჩეულ წევრებს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა თემატური ღონისძიება ტარდება.
„მნიშვნელოვანია, რომ სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით გრძელდება ყველა ძირითადი მუნიციპალური პროგრამა და პროექტი. აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის სხვადასხვა რაიონში. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 2 მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს. პროექტის კონცეფცია ერთ სივრცეში სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების გაერთიანებას გულისხმობს და მისი ანალოგი რეგიონში არ არსებობს. ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში 2021 წელს დასრულდება“, -აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი, თბილისის მერიის ინიციატივით იწყება ახალი პროგრამის განხორციელებაც იწყება, რაც მასობრივი სპორტის პოპულარიზაციისა და ქალთა
სპორტისა და პარასპორტის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. ასევე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების წახალისებაც მოხდება.
გაგრძელდება ფესტივალებისა და სხვადასხვა პროგრამის განხორციელება, როგორებიცაა: ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ’’, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი’’, ,,ქუჩის ხელოვნების ფესტივალი’’, სხვადასხვა ციფრული და ტექნოლოგიური სტარტაპები; და საზაფხულო სკოლები, სალაშქრო ტურები და ვორქშოფები.
,,გასული წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, საქალაქო სამსახურის, საკრებულოსა და მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლებს. პანდემიის მიუხედავად, სპორტისა და ახალგაზრდობის სექტორი თბილისში მნიშვნელოვნად ვითარდება. დასახული მიზნების მისაღწევად აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.