გიორგი ვაშაძე: საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერს ვეთანხმები
“დიახ, ვეთანხმები საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
„ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რაც გვქონია იმიტომ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს. ბარიერი, ფრაქციები, პროკურორის არჩევის წესი – შესაბამისად, ვიმსჯელებთ, იმედი მაქვს, აქ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, რადგან პირდაპირ ჩაწერილი გვაქვს სპეციალურად ამ საკითხებზე, ძალიან კონკრეტულად გვაქვს გაწერილი დოკუმენტში აბსოლუტურად ყველა დეტალია. ამ ინიციატივას სჭირდება 76 ხელმოწერა. იმედი მაქვს, დღესვე დავიწყებთ ამ 76 ხელმოწერის მოგროვებას. დიახ, ვეთანხმები საკრებულოს მაჟორიტარების 40%-იან ბარიერს, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე მიზეზობენ, მეხსიერების პრობლემები თუ აქვთ, წამლები დალიონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.