დავით ზალკალიანი, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი – აურელიუ ჩოკოი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება შეხვედრებს გამართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს ჟოზეფ ბორელთან, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან ვალდის დომბროვსკისთან და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარეისთან.
ასევე გაიმართება მინისტრების ერთობლივი შეხვედრები ევროპარლამენტში, მათ შორის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარესთან, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ევროპარლამენტის მომხსენებლებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ ასოცირებული ტრიოს დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს, საუბარი შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობას, ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით ასოცირების ტრიოს ურთიერთობის გაღრმავებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს და სხვა.
ასევე,ვიზიტის ფარგლებში სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები