კახა ოქრიაშვილი – ოპოზიციას: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში
„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, ოპოზიციამ აღარ უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.
„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და, სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას. მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური. შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას. ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში“, – აცხადებს ოქრიაშვილი.