ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით გადაუხადეს.
მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზისა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. უახლოეს პერიოდში 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად, სრული შემადგენლობით დაბრუნდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.