ვახტანგ გომელაური: ციხესთან კი არა, ცხინვალში საერთოდ არ ვყოფილვარ
“შემიძლია, გითხრათ, სასაცილოა, ამაზე სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ, ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ, პირველ ყოვლისა არც ბავშვობაში, არც დიდობაში”, – ასე პასუხობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მის მიმართ არსებულ ბრალდებას, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია.
“შემიძლია, გითხრათ, სასაცილოა, ამაზე სერიოზულად პასუხი როგორ უნდა გაგცეთ, ცხინვალში საერთოდ ნამყოფი არ ვარ, პირველ ყოვლისა, არც ბავშვობაში, არც დიდობაში. რაჭაში გავლით არ გამივლია ცხინვალზე, თერჯოლის მხრიდან დავდიოდით ხოლმე, რაჭაში რომ მიწევდა წასვლა, ასე რომ, ეს არის რაღაც მოგონილი აბსურდი, სისულელე. თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ეს თემა, ერგნეთის ბაზრობა და რაღაც მოძრაობები იყო მე ვიყავი მაშინ 19-20 წლის, ჯარისკაცი ვიყავი. როგორ წარმოგიდგენიათ როცა ქვეყანაში რა ხდებოდა 90-იან წლებში თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად, მე ჯარისკაცი ვალაგებდი თემებს და კონტრაბანდები დამქონდა 19 წლის ბიჭს. მაგ დროს მე ვმუშაობდი ბატონ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვაში, გარე დაცვაში ვიყავი, არც ხელმძღვანელი და რამე, რიგითი ჯარისკაცი. ციხესთან კი არა ცხინვალში საერთოდ არ ვყოფილვარ”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამინდელ შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, 90-იან წლებში ერგნეთის კონტრაბანდასთან კავშირში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ხადური. ის გომელაურთან ერთად იყო დაკავებული და მალევე გამოუშვეს.