გიგი წერეთელი PACE-ს რეზოლუციაზე: მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო
გიგი წერეთელმა განმარტა რატომ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ 2008 წლის ომის დროს ქართულმა ჯარმა სამხედრო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო.
მისი თქმით, მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო.
„იმასაც დავეთანხმები თუ ვინმე იტყვის, რომ უკეთესი იქნებოდა ეს მეხუთე პუნქტი სხვაგვარად ყოფილიყო და არ ყოფილიყო ის ჩანაწერი, რომელზეც ახლა არის საუბარი. მაგრამ როდესაც დავაყენებთ სასწორის ერთ მხარეს ამ ჩანაწერს და მეორე მხარეს(ტერმინებს) „ეთნიკური წმენდა“, „საზღვრების დარღვევა“ პირველად „ოკუპაციის“ ხსენება, რუსეთის ვალდებულება, რომ გავიდეს და გაიყვანოს ჯარი, იმდენად ბევრი იყო მეორე მხარეს, რომ მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა „იმედის ფაქტორში“.