„ნინის დღიური“ – ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის წიგნის წარდგენა გაიმართება

23 ივნისს, 20:00 საათზე, „მზიურის“ ამფითეატრში, ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის წიგნის –  „ნინის დღიურის“ წარდგენა გაიმართება.
წიგნი, რომელიც აერთიანებს 2019 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტის, ნინი ჯაფარიძის პირად ჩანაწერებს, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა 2021 წელს გამოსცა.
ღონისძიებას გაუძღვება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
ნინი ჯაფარიძე „ბიბლუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გახლდათ. მის სახელთან არაერთი სოციალური პროექტია დაკავშირებული. მათ შორის, „კითხვის საათი“, რომლის ფარგლებში ცნობილი ადამიანები ბავშვებს წიგნებს უკითხავენ, დღეს სწორედ ნინის სახელს ატარებს.
ნინი იყო ასევე კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ კი, ნინის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დააწესა წიგნის გამორჩეული მკითხველისთვის.

„ალბათ მოვა დრო, როდესაც ჩემს ოცნებებს ფრთებს შევასხამ და იმის მაგივრად, რომ მათთან ერთად გავფრინდე, მიწაზე დავეშვები, მყარად მოვეკიდები ამქვეყნიურ საჭიდებს და რეალური ცხოვრებით ვიცხოვრებ“, – წერდა ნინი ჯაფარიძე.
ხომ ძალიან უცნაური განსაზღვრებაა? ოცნებებს ფრთა იმიტომ უნდა შეასხა, რომ არ გაფრინდე. არამედ მიწაზე მყარად დადგე. აქ და ახლა. ძალიან ზუსტი და ძალიან ღრმა ფრაზაა. დაკვირვება სჭირდება. ისევე როგორც ნინის ცხოვრებას. ამ ფურცლებზე და ამ ფურცლებს მიღმა. ჩვეულებრივს და არაჩვეულებრივს…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები