ბექა დავითულიანი – თაკო ჩარკვიანს: მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ

„რეზოლუციის ხელმოწერის დროს იყო პოზიტიური ფაქტორები, იყო ოკუპაცია ნახსენები და საქართველოსთვის მომგებიანი მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგრამ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი და თქვენ მას ხელი მოაწერეთ”, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ურთიერთკრიტიკა სიმართლეზე უნდა იყოს დაფუძნებული.
„სანამ ამ სიმართლეებზე ვერ მოვრიგდით, ერთი სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ, მეორე კი – სხვა რეალობაში და ასე წინ ვერ წავალთ.
რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა არის ცუდი და შეცდომა, რომელიც მინიმუმ დანაშაულზე მეტია და, მოდით, ვთქვათ, რომ არის ცუდი”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა, რასაც დარბაზიდან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა.
დავითულიანმა ჩარკვიანს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ. ნამდვილად სირცხვილია, როდესაც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებ, გეთანხმებით”, – მიმართა თაკო ჩარკვიანს ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები