რომან გოცირიძე: ღია სივრცეში პირბადის გამოყენების გაუქმებამ საზეიმო განწყობილება შექმნა ქვეყანაში – მთავრობას ვაქებთ, რომ ასე თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, შემოდგომაზე კი დავუწყებთ კრიტიკას
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ღია სივრცეში პირბადის გამოყენების გაუქმებამ ფრიად საზეიმო განწყობილება შექმნა ქვეყანაში, არა და, ვაქცინირებულ ევროპაში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხმრავალ ადგილებში მაინც სავალდებულო გახადეს მისი ტარება.
მალე რუსეთთან სახმელეთო საზღვარიც გაიხსნება.
(რუსებს აქვთ ჩაკეტილი, ჩვენ კი – არა) და ინდური შტამით (რომელსაც ვაქცინა, როგორც ჩანს, ცუდად ერევა ან სულაც ვერ ერევა) დატვირთული ტურისტებიც შემოგვესევიან. ფული სჯობსო სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვიტყვით ჩვეულებისამებრ. რამდენი ასეული მილიონი ფული ჯდება ინფიცირებულების მკურნალობა, ეს სესხებით შეკერილი ჩვენი ბიუჯეტის ნახვრეტებიდანაც კარგად ჩანს.
ფულს სხვანაირი დათვლა უნდა.
ახლა მთავრობას ვაქებთ, რომ ასე თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, შემოდგომაზე კი დავუწყებთ კრიტიკას (ვნახეთ ეს შარშან). თანმიმდევრულები მაინც ვიყოთ”, – წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან მოიხსნება. ამასთან, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.