რობერტ სტურუა: ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება, როცა ჩამოდიან რუსული თეატრები ტაშით ხვდებით – ხელოვნებას არ აქვს საზღვარი
რუსთაველის თეატრის დასი, მიუხედავად საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, რუსეთში მაინც გაემგზავრება.
სანამ გასტროლებზე მსახიობები წავლენ, მოსკოვში უკვე გაფრინდა რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.
“წინასწარ მივდივარ სცენა, რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით.
ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა”, – განაცხადა რობერტ სტურუამ მოსკოვში გამგზავრების წინ.
ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარდგენილი იქნება 30 ივნისს და 1,2 ივლისს.