კახა კუჭავა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისსა და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია.
კახა კუჭავას განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაციის საერთო სურვილსა და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება.

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ნატო-ში გაწევრიანების პროცესში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი შეეხო ნატო-ს შავი ზღვის სტრატეგიას, ნატო-ს სამიტსა და გზავნილებს. როზარია პულისის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებზე ისაუბრეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები