დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ცესკო-ს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ცესკო-ს თავმჯდომარისგან აღნიშნულ საკითხზე განმარტებები მოისმინეს.
„ეს არის აბსოლუტურად ტყუილად შეთხზული ამბავი, თითქოს, ეს იყო გვიანი გამოცხადება.
პირველადი შედეგი 7 საათისა და 25 წუთის შემდეგ გამოცხადდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები არ იდებოდა. 23.00 საათიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ოქმები იყო განთავსებული. ის, რომ შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო, არის ტყუილი! ჩვენ სტატისტიკაც გამოვაქვეყნეთ და 2012 წლის არჩევნებზე, ორი ბიულეტინის პირობებში, პირველადი შედეგები 8 საათის შემდეგ გამოცხადდა. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა უტოლდებოდა 50-ს.
ამავდროულად, არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში და, რა თქმა უნდა, დათვლის პროცესს გაცილებით მეტი დრო დაჭირდა”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ