„სიზმარს ვხედავდი“ – შეხვედრა დარო სულაკაურთან

22 ივნისს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე დარო სულაკაურთან შეხვედრას უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ავტორი ისაუბრებს პანდემიის სამთვიან დღიურზე და პირველი ხელნაკეთი წიგნის ობიექტის შექმნის პროცესზე – „სიზმარს ვხედავდი“.
დარო სულაკაური თბილისში მოღვაწე, ქართველი ფოტოჟურნალისტია. შერეული მედიის გამოყენებით,  თავის ნამუშევრებში კავკასიის რეგიონში არსებულ სოციალურ პრობლემებს წარმოაჩენს. 2006 წელს დაამთავრა ფოტოგრაფიის ინტერნაციონალური ცენტრი ნიუ-იორკში და დაჯილდოვდა John and Mary Phillips-ის სახელობის სტიპენდიით. ICP Director’s-ის ფონდმა დაუფინანსა ნიუ-იორკში ომის საწინააღმდეგო მოძრაობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.
სწავლის დასრულების შემდეგ დარო დაბრუნდა საქართველოში, პანკისის ხეობაში, სადაც დოკუმენტურად აღწერა ლტოლვილთა საგუშაგოში ჩეჩნეთის კონფლიქტის ფარული ნარატივი. ნამუშევრებმა 2009 წელს მოიპოვა Magnum photos კავკასიის ახალგაზრდა ფოტოგრაფთა ჯილდო. მისი ნამუშევარი, საქართველოში ნაადრევი ქორწინების თემაზე, დაჯილდოვდა ლონდონში ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, მოიპოვა LensCulture-ის პირველი პრემია და EUprize ჟურნალისტიკაში.
2017 წელს დარო World Press Photo Joop Swart-ის მასტერკლასში მონაწილეობდა და Reuters Photojournalism-ის გრანტიც მოიპოვა.
Magnum Foundation Emergency Photographer ფონდის შერჩეული სიის ფარგლებში, მოეწყო დაროს ნამუშევრების გამოფენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ბოლოდროინდელი პროექტები ეხება საქართველოში მცოცავი ოკუპაციის თემას და ჭიათურის მაღაროელთა მკაცრ სამუშაო პირობებსა და ცხოვრებას.
დარო New York Times-თანაც თანამშრომლობს. მისი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ისეთ გამოცემებში, როგორიცაა National Geographic (აშშ), Forbes, GEO Magazine, Der Spiegel, Mother Jones, Sunday Times, The Economist, Bloomberg, die Zeit, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ და პრინტ გამოცემებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები