სომხეთის მთავრობის ფორმირებას ფაშინიანის პარტია დამოუკიდებლად შეძლებს

პარტია “სამოქალაქო შეთანხმება”, რომლის ლიდერია ნიკოლ ფაშინიანი, ქვეყანაში 20 ივნისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად შეძლებს.

პარტიამ ხმათა 53,92% მოიპოვა, რაც, სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, საკმარისზე მეტია მთავრობის ფორმირებისთვის.

კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო კოდექსი უზრუნველყოფს არჩევნების შემდეგ პარლამენტში სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას – საკანონმდებლო ორგანოს ადგილების 54%.

თავად კოდექსი გულისხმობს ასეთი უმრავლესობის უზრუნველყოფის მექანიზმებს. კერძოდ, თუ რომელიმე პარტიამ მიიღო მანდატების საერთო რაოდენობის უმრავლესობა, მაგრამ – 54%-ზე ნაკლები, მაშინ ეს პარტია იღებს მინიმალური დამატებითი მანდატების რაოდენობას. შედეგად, ამ პარტიის მანდატების რაოდენობა პროცენტულად უნდა იყოს მინიმუმ 54%.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ფაშინიანის პარტიამ 53,92% მიიღო, 21,04 % – ბლოკმა “სომხეთმა”, რომლის ლიდერია ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი. მესამე ადგილზე გავიდა ასევე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პარტია – 5,23%-ით; პარტია “აყვავებულმა სომხეთმა”, რომლის თავმჯდომარე ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანია – 3,96% მიიღო.

გვიან ღამით არჩევნების წინასწარ შედეგებს ქვეყნის მოვალეობის შემსრულებელი – ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ უახლოეს დღეებში ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან დაიწყებს კონსულტაციებს, რათა გაიგოს მათი შეხედულებები პოლიტიკური ცხოვრების კონსოლიდაციისა და საზოგადოებრივი პოტენციალის შესახებ.

მან ასევე პირობა დადო, რომ ნაბიჯებს გადადგამდა ბიზნესის, კულტურული და სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

“ჩვენ მოვიზიდავთ ჯანმრთელ ძალებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ხალხმა მართვის მანდატი მომცა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვიხილოთ და გავაერთიანოთ ჯანსაღი საზოგადოებრივი რესურსი მანდატის გარშემო”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები