ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი: პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან და აღიქმებოდნენ, როგორც „ზეწოლის ფაქტორი“. ამის შესახებ მან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დოლიძე დასძენს, ისინი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევდნენ დათვლის და შედეგების შეჯამების დროს გამოვლენილ ხარვეზებსაც.

„ჩვენ ასევე პრობლემურად მივიჩნიეთ წინა არჩევნების დროს ის, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან, მანამდე, წინა არჩევნების პერიოდში იყო კოორდინატორების მობილიზება, თუმცა, ამ არჩევნებზე სხვა ტიპის ადამიანების მობილიზებაც იყო, რაც პრობლემურია და ზეწოლის ფაქტორს ქმნის. ეს აღიქმება ზეწოლის ფაქტორად, როდესაც უბანზე მიდიან, სადაც თავისუფალი გარემო უნდა იყოს.

როგორც აღნიშნეთ, ყველაზე პრობლემური იყო დისბალანსები შემაჯამებელ ოქმებში, როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაკლებობა არანაკლები პრობლემაა. ასევე, შემაჯამებელი ოქმების შესწორებები, რომელიც არამხოლოდ უბნებზე ხორციელდებოდა, ასევე საოლქო საარჩენო კომისიებში და საკმარისად არ იყო დასაბუთებული, მხოლოდ ახსნა-განმარტებებს ეფუძნებოდა. ასევე პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები, რომელიც ჩაითვალა როგორც ჩვეულებრივ შემაჯამებელ ოქმებად“,- აღნიშნავს დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები