ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვან ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
“მიხეილ სარჯველაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო.
მინისტრმა, კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად, განიხილა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები. ამასთან, ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე.
მინისტრის განცხადებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
აღსანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფომ დაფინანსება გაზარდა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და მართვის შესაძლებლობებს,”- წერია ინფორმაციაში.