როდის აისახება ლარის გამყარება ფასებზე – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

როდის აისახება ლარის კურსის გამყარება სამომხმარებლო ფასებზე? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ლარის კურსის სტაბილიზაცია ფასებზე აისახოს, 14-20 დღე მაინცაა საჭირო.

„როცა ლარმა სტაბილიზაცია დაიწყო, მაშინაც აღვნიშნე, გარკვეული პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ ლარის გამყარება ფასებზე აისახოს. როგორც წესი, კომპანიებს საქონელი შემოაქვთ ხოლმე არა 1 და 2 დღით, არამედ – გარკვეული მარაგებით. მარაგები წინა ფასითაა შემოტანილი. როცა მარაგები გაიწოვება, კონტრაქტების დადებაც და საქონლის შემოტანაც ახალი კურსით ხდება. ამას ერთი კვირა არ ეყოფა, 2 კვირა – 20 დღე მაინცაა საჭირო.
როცა ლარი გამყარდა, ამ პრესკლუბშიც დადასტურებულად ითქვა, რომ ეს ლარის შეუქცევადი გამყარების ეტაპი იყო. შემდეგ ამას კურსის გარკვეულად აწევა მოჰყვა. ესეც მოსალოდნელია ხოლმე. ამ პროცესს გარკვეული აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე, მათ შორის, სპეკულაციურიც. დღეს ვხედავთ, რომ ლარი ისევ გამყარებისკენ მიდის. ამას ხელს უწობს როგორც გაზრდილი ექსპორტი, ასევე – გაუმჯობესებული საგადამხდელო ბალანსი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურისტული ინდუსტრიის გაცოცხლებაც, ასევე, სხვა მაკროეკონიმიკური პარამეტრებიც.
დღეს ლარის გამყარების ტენდენციაა. ლარის რეალური ფასი თუ გაინტერესებთ, არის 3. 10 -ის ფარგლებში. რაც დღეს არის 3. 14 – 3. 15, ესეც ცოტა აწეულია აჟიოტაჟური, სპეკულაციური ელემენტიდან გამომდინარე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1657 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები