„სპეკულაციურია შეფასება, რომ, თითქოს, ქვეყანა „შავ სიაში“ მოხვდება, არანაირი კატასტროფა არ ხდება“ – გიორგი ცუცქირიძე სახელმწიფო ვალის შესახებ

“არანაირი კატასტროფა არ ხდება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალი გაზრდილია”, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ განმარტებები სახელმწიფო ვალის საკითხის შესახებ გააკეთა.

ჩვენი შეხვედრის დღევანდელი თემა საინტერესოა იმ ფაქტორიდანაც გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, საგარეო ვალს სპეკულაციური შეფასებები ეძლევა, ვგულისხმობ ოპოზიციის მხრიდან შეფასებებს. ჩემი აზრით, ამ შეფასებების არსი გაზვიადებულია. დავიწყებ იქედან, რომ სახელმწიფო ვალი პანდემიურ პერიოდშია გაზრდილი, მაგრამ გაზრდილია არა მარტო საქართველოში, არამედ, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. მაგალითად რომ ავიღოთ პანდემიის წინა პერიოდიდან დღევანდელის შეფასება, ვალი გაზრდილია, იგივე, ევროკავშირის ქვეყნებში. გაზრდის კოეფიციენტი მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაში უნდა განვიხილოთ, 77 %-დან 91 %-მდეა გაზრდილი. მთელ რიგ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, 20-25 პროცენტული პუნქტითაც კი არის გაზრდილი და საშუალოდ ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან პროპორცია გაცილებით მაღალია, 110- 150 %-ის ფარგლებშიც კი მერყეობს. ვალი ბრიტანეთშიცაა გაზრდილი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 100 %-თან ახლოსაა. იაპონიაშიც მნიშვნელოვნადაა გაზრიდლი, დაახლოებით, 25 პროცენტული პუნქტით, რახან ლაპარაკია პროპორციაზე, სახელმწიფო საგარო ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 266 %-ია.
უფრო გასაგები რომ იყოს, შემიძლია, ავსხნა, თუ რა ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც შეიძლება, ვალის მიზანშეწონილება შეფასდეს. ზოგადად, ითვლება, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით რაც უფრო დიდია საგარეო ვალი, მას შეიძლება, გარკვეული დეფოლტის რისკიც ჰქონდეს. როცა მოვიყვანე იაპონიის მაგალითი, სადაც 266 %- ია, ასევე, ევროპის რიგი ქვეყნების მაგალითი, სადაც 100 %-ზე მეტია, აქ, ბუნებრივია, იგულისხმება ვალის სტრუქტურა და მეორეც, მისი ვადიანობა. რაც უფრო გრძელვადიანია ვალი, ტვირთი მით უფრო ნაკლებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ამ ვალის პროპორციას განსაზღვრავს: ესაა ექსპორტის მაჩვენებელი. მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს, მათ შორის, იაპონიას ექსპორტი ყოველთვის უფრო მეტი აქვს, ვიდრე, ზოგადად, ვალის მაჩვენებელი. ახლა გადმოვიდეთ საქართველოზე. კეთდება განცხადებები რაღაც კრიტიკულ ზღვარზე, რომ ქვეყნის შეყვანა „შავ სიაში“ მოხვდება, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი შეფასებები, არის ბრალდებები, რომ ქვეყანამ, თურმე, ამხელა ვალი აიღო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანდემიის პერიოდში ვალი, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანამ აიღო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე განმარტებით, რისკი იმისა, რომ სახელმწიფო ვალის გამო საქართველო შეიძლება, „შავ სიაში“ შეიყვანონ, არ არსებობს.

„ჩვენთან ვალის ზრდას თავისი მახასიათებელი აქვს. ეს არის ზოგადად სავალუტო კურსი. ჩვენ ვალს ვიღებთ უცხოურ ვალუტაში, შემდეგ ის ლარში გადადის. შესაბამისად, ვალი სავალუტო კურსთან მიმართებით გადადის. მაგალითად, სახელმწიფო ვალი მაისის მდგომარეობით 8 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია. იმდროინდელი კურსით, ეს არის 26 მილიარდ 300 მილიონ ლარამდე. მაგრამ დღევანდელი კურსით რომ ავიღოთ, თუნდაც 3.15 -ით რომ ვიანგარიშოთ, ივნისში უკვე არა 26,3 მილიარდი, არამედ 25,3 მილიარდი იქნება. იმის თქმა მინდოდა, რომ ხშირად ლარში გამოსახული ვალი ასახავს არა მხოლოდ ვალის აღებას, არამედ – მის მაჩვენებელს სავალუტო კურსთან. ეს მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 60 %-ზე მეტია, დაახლოებით, 62 %-ია. არის, თუ არა ეს კრიტიკული ზღვარი? პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არანაირი კრიტიკული ზღვარი ეს არ არის, მით უმეტეს, რაღაც „შავ სიაზე“ საუბარი საერთოდ არაა.

ერთადერთი, რა უნდა ვთქვა: ზოგადად, განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, სასურველი ზღვარი არის 40-50 %. კრიზისის წინა პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 40 %-იან ზღვარზე გვქონდა. ამიტომაც იყო, რომ როცა ჩვენ პანდემიურ პერიოდში ვალის აღება დაგვჭირდა, ერთერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვისაც ვალი გამოეყო. ზუსტად ამ ნორმალური პარამეტრის გამო მოგვცეს ეს დამატებითი ვალი. ახლა 62 % რა პრობლემა შეიძლება, იყოს: ერთი პრობლემა არის ის, რომ, როცა ვალი მთლიან შიდა პროუდუქტთან მიმართებაში გაიზრდება, შეიძლება, ამას საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება მოჰყვეს. ჩვენ ვართ BB ტიპის ქვეყანა, შეიძლება, მაგალითად, სტაბილურობიდან გაუარესდეს მაჩვენებელი და არ შეეხოს ძირითად რეიტინგს, ანუ დარჩეს ისევ BB. ეს არასასურველია იგივე საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით და, უფრო მეტად, საგარეო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით. ერთადერთი ეს რისკი არსებობს და სხვა დამატებითი რისკი რაზეც საუბარია, რომ ვითომ „შავ სიაში“ შეგვიყვანენ კრედიტორები, ეს ფანტაზმაგორული აზრებია.
ხაზს ვუსვამ, ეს რისკი არსებობს, თუმცა, ესეც არ მოხდება. წლის ბოლოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვექნება, ასევე, ექსპორტია გაზრდილი, რასაც ინვესტორები უყურებენ “, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის სატაბილიზაცია ერთერთი ფაქტორი იქნება, რომელიც ვალის შემცირებას ხელს შეუწყობს.

„ხაზს ვუსვამ ერთ რამეს: მაისის მაჩვენებლით, ჩვენი ვალი 26,3 მილიარდი იყო, დღევანდელი კურსის მაჩვენებლით ვალი დაახლოებით მილიარდითაა შემცირებული – 25, 3 მილიარდი იქნება. თუ გავითვალისწინებთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ წლის ბოლოს, ოპტიმისტური სცენარით, რომელიც რელობასთანაა ახლოს, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვექნება, ბუნებრივია, ვალის პროპორცია მთლიან შიდა პროდუქტთან ისედაც შემცირდება.

თუ ორნიშნა ზრდა გვექნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მარტო პანდემიურ პერიოდთან შედარებით გვექნება ზრდა, დავუშვათ 10, 5 %, არამედ პანდემიის წინა პერიოდთანაც იქნება გადაფარვა იმ 6,2 %-ისა, როცა გვქონდა ვარდნა. შესაბამისად, გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი პროპორციას შეამცირებს და ვალის მაჩვენებელი 62,5 % კი არ იქნება, შეიძლება, 59 %-ზე დავიდეს.
როცა ქვეყანა ვალს იღებს, ისტუმრებს კიდეც, მას ხომ წინა პერიოდებში აღებული ვალის გასტუმრების გრაფიკი აქვს. ამიტომ, ეს ვალი ისედაც შემცირდება, მაგალითად, თუ ქვეყანა აიღებს 2 მილირდს და იმავე პერიოდში გაისტუმრებს 2,5 მილიარდს, ბუნებრივია, ვალი შემცირდება ნახევარი მილიარდით. ამაზეა საუბარი რეალურად.

რომ შევაფასო თუნდაც ოპოზიციის განცხადებები, და აქ საუბარია გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, უნდა ვთქვა, რომ ეს თითიდან გამოწოვილია, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციური შეფასება. ქართულ ოპოზიციას, ძირითადად, მოვლენების გაბუქება ახასიათებს, ისეთ განზომილებაში გადატანა, თითქოს, ქვეყანა იქცეოდეს და კატასტროფული მდგომარეობა იყოს. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ არანაირი კატასტროფა აქ არ ხდება მიუხედავად იმისა, რომ ვალი გაზრდილია. ვიმეორებ, ვალი გაზრდილია, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. ტენდენცია არის ვალის შემცირებისკენ, მით უმეტეს, კურსის სატაბილიზაცია იქნება ერთერთი ფაქტორი, რომელიც ვალის შემცირებას ხელს შეუწყობს. მე აღვნიშნე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვალის მიმართებას ექსპორტთან. ჩვენი ექსპორტი ძალიან მზარდია. როცა კრედიტორები აფასებენ ვალის სიდიდეს, მას აფასებენ ექსპორტთან მიმართებით. ექსპორტის ზრდა ერთერთი პოზიტიური სიგნალია ამ შეფასებებისა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის მთლიანი ვალი 33 მილიარდს აჭარბებს.

„ამ ვალიდან 25 მილიარდი არის აღებული „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველოს არაფერი ეტყობა 25 მილიარდი ლარის გაკეთებული, ქვეყანამ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს და ძალიან მალე შეიძლება შეგვიყვანონ „შავ სიაში“, რაც ნიშნავს იმას, რომ ვალსაც კი ვერ ავიღებთ კრიტიკულ პირობებში რომ დაგვჭირდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი აპრილში გამოქვეყნდა.
„ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირებით ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ეს შედეგი საქართველოს ეკონომიკის, მისი მაკროეკონომიკური მიმართულებების როგორც ფისკალური, ასევე, მონეტარული მმართველობის ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე, ახალი ობლიგაციებით მოხდა, ფაქტობრივად, რეფინანსირება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო – 6,875% და რომლის დაფარვაც განხორციელდა მიმდინარე წლის 12 აპრილს. აქ მნიშვნელოვანია, ასევე, ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კერძოდ, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს, დაახლოებით, 350 მილიონ ლარს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები