ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან დაიწყება
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან დაიწყება. დაგეგმილი შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული.
შეხვედრის დღის წესრიგს რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე აშშ-ის, რუსეთის და შვეიცარიის პრეზიდენტების – ჯო ბაიდენის, ვლადიმერ პუტინისა და გი პარმელენის ერთობლივი ფოტოსესია იგეგმება.
13:15 საათზე დაიწყება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები შენობის პირველ სართულზე, ბიბლიოთეკის ოთახში.
14:30 საათზე დაგეგმილია რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დაწყება გაფართოებული შემადგენლობით.
16:15 საათზე დაიწყება მოლაპარაკებების მეორე ნაწილი გაფართოებული ფორმატით. თეთრმა სახლმაც და კრემლმაც დაადასტურეს, რომ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გეგმავენ. ამის ნაცვლად, ისინი შეხვედრის შედეგებზე ცალ-ცალკე ისაუბრებენ.
პუტინის პრესკონფერენციის დაწყება დაგეგმილია 18:00 საათზე. პრეზიდენტების შეხვედრას ვილა ლა გრანჟი უმასპინძლებს. მე-18 საუკუნის ვილა ქალაქის უდიდეს პარკში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი ჟენევაში უკვე ჩაფრინდა.