საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იაპონიის ელჩს მოუსმინეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას მოუსმინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიპლომატმა იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრზე, მათ შორის, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ვაჭრობის ხელშეწყობაზე, ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე, კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ იაპონიის მიერ განხორციელებულ მხარდამჭერ პროექტებზე.
ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას იმამურა აკირამ აღნიშნა საქართველოსა და იაპონიას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების, ისევე როგორც ინვესტიციების ურთიერთდაცვის ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებას.
იაპონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. „იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მე თვითონ ვმდგარვარ საქართველოში გავლებულ საოკუპაციო ხაზის პირისპირ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვცდილობთ მათ შორის, გაერო-ს ფარგლებშიც ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იქნას დაცული”, – განაცხადა იმამურა აკირამ.
ელჩის თქმით, მომავალ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება, რაზეც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„იაპონია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დონორი სხვადასხვა მიმართულებით. ღირებულებათა თანხვედრის გამო, ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ერთმანეთისთვის. ყოველთვის საინტერესოა იაპონიის, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მისი ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის ასევე, იაპონიის მიერ, სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები