ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მიაწვდის
პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი. თბილისში „თელასის“ ნაცვლად მოსახლეობასა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, “ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად – „ეპ ჯორჯია მიწოდება“. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს. ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად.