რატი იონათამიშვილი: შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება

“შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რადგან დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ნიშნავს დისკრიმინაციას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 14 ივნისი არის უფლებების დაცვის დღე, რა დროსაც ვახდენთ მეტ ფოკუსირებას შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებასა და ინტერესებზე.
„14 ივნისი არ არის საზეიმო თარიღი, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, ეს არის უფლებების დაცვის დღე, რა დროსაც ვახდენთ მეტ ფოკუსირებას შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებასა და ინტერესებზე, რათა შემდგომ, კალენდრის ყოველ დღეს, შშმ პირთა კარნახით, ვიმუშაოთ თანაბარი გარემოს, ადეკვატური სოციალური გარანტიების, მისაწვდომობის, ღირსეული საცხოვრისის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ადვოკატირების უზრუნველყოფაზე.
ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ერთი წელი საქართველოში იყო ისტორიული შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის. ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, რომელმაც დაანგრია უსამართლობის კედელი და შშმ პირები აღჭურვა ადვოკატირების ეფექტური მექანიზმებით. ერთი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს; მოვახდინეთ UNCRPD-ის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რითაც საქართველო შეუერთდა იმ პროგრესული სახელმწიფოების რიგებს, სადაც შშმ პირთა უფლებები უმაღლესი საერთაშორისო გარანტიებით არის დაცული; დავამტკიცეთ ახალი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც ეფუძნება „უნივერსალური დიზაინი“ პრინციპებსა და კონცეფციას.
დღეს ვმუშაობთ: მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე; სოციალურ მოდელსა და სტატუსის ფუნდამენტურ რეფორმაზე; დეინსტიტუციონალიზაციის პროცესა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე; მაგრამ, გარდა ამისა, აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შედეგებიც უსწრაფესად მივა შშმ პირებამდე. განსაკუთრებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე, რისი ნეგატიური შედეგებიც ყველაზე მეტად შშმ პირთა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე აისახა. ამის რეალური საფუძვლები უნდა გაჩნდეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელზეც შშმ პირებთან და მათ წარმოამდგენლებთან ერთად უკვე სექტემბრიდან უნდა დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები. თანაბარი პირობები – თანაბარი შესაძლებლობებისთვის“, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები